logo
ENG



"საქართველო განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილება" - გამარჯვების პლატფორმა აშშ-ში ვიზიტზე

01 ნოე 202316:18
3 წუთის საკითხავი
 

გამარჯვების პლატფორმის ლიდერებმა ნაციონალური მოძრაობიდან და სტრატეგია აღმაშენებლიდან ბრიფინგი გამართეს, რომელზეც აშშ-ში ვიზიტი შეაჯამეს. გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო-ასათიანი კონგრესის, სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წევრებს შეხვდნენ.

შემაჯამებელ ბრიფინგზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ "აშშ საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს, საზოგადოების განწყობის გამო". მისივე თქმით, შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, რაზეც მიიღეს გარანტია, რომ არჩევნებისთვის საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა.

"საქართველოს აშშ განსაკუთრებულ პარტნიორად განიხილავს შავი ზღვის რეგიონში, ოღონდ სწორედ საზოგადოების განწყობის გამო. ქართული ოცნების დეზინფორმაციული, პირდაპირი რუსული და ანტიდასავლური კამპანიის მიუხედავად, ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გახდეს არ შემცირებულა და ამას აფასებენ. სწორედ აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით აქტიურები იქნებიან საქართველოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, არჩევნები იყო ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი ყველა შეხვედრაზე და ჩვენ მივიღეთ გარანტია, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები ჩამოვა საქართველოში და არჩევნებს დააკვირდება აბსოლუტურად ყველა, ასე რომ, ქართულ ოცნებას ვეუბნები, რომ ის სიყალბე, რომლისთვისაც ემზადებით, არ გამოგივათ, რადგან მთელი დასავლური სამყარო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, დააკვირდება ამ პროცესს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ "ამერიკელებს ჰქონდათ ორი მთავარი კითხვა - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც ხედავს და აფასებს აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად? რუსული ოცნების გადმოსახედიდან არის კი აშშ სტრატეგიული პარტნიორი?".

"ბოლო 10-11 წლის პერიოდი იწვევს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს და ჩვენ სწორედ სხვა საკითხებთან, არჩევნებთან, ეკონომიკურ შესაძლებლობასთან ერთად გვიწევდა ამ ორ მთავარ შეკითხვაზე პასუხის გაცემა და ჩვენ ვარწმუნებთ ჩვენს კოლეგებს და მომავალშიც ამას გავაგრძელებთ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში და მომავალ წელს ეს აუცილებლად ასე მოხდება, დემოკრატიული ფასეულობების კუთხითაც, ასევე გეოპოლიტიკური სტრატეგიული მიმართულებით საქართველო დაუბრუნდება იმ კალაპოტს, რომელზეც ის როგორც წინა ორი ათეული წლის განმავლობაში იყო", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.


close დახურვა